Sunday, April 24, 2011

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!


მართლმადიდებელი სამყარო 24 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

23 აპრილს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომელიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

დღეს მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 15 თებერვალს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიური ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.