Sunday, April 24, 2011

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!


მართლმადიდებელი სამყარო 24 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა იგი და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

23 აპრილს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომელიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

დღეს მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 15 თებერვალს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიური ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.

Friday, April 22, 2011

“დავიწყებული მეფე”- მსოფლიო რეკორდი!



პირველი ქართველი რეჟისორი, რომელმაც დაამთავრა ლოს-ანჯელესის კინოსკოლა. ნიკოლოზ ხომასურიძემ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად დაიწყო ახალ ფილმებზე მუშაობა. მისი პირველი ფილმი იყო “დიდგორ-თავგანწირულ რაინდთა სამშობლო”. ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც დიდგორის ბრძოლას ეხება. რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია “მამაჩემის გერლფრენდი”.

ახლახანს კი ნიკოლოზ ხომასურიძემ დაამთავრა მუშაობა ახალ ფილმზე, რომელიც ერთი უწყვეტი კადრის პრინციპით არის გადაღებული. ესაა მსოფლიო რეკორდსმენი ფილმი “დავიწყებული მეფე”. გადამღები ჯგუფი ჰოლივუდიდან იყო ჩამოსული, რაც ქართულ ფილმში უკვე დიდ პერსპექტივას ნიშნავს. ფილმი მოგვითხრობს ჰოლივუდიდან სამშობლოში დაბრუნებული რეჟისორის, დემეტრესა და მისი მეუღლის დროში მოგზაურობაზე. ფილმში მოქმედება იწყება 11.11.11 ანი 2011 წლის 11 ნოემბერს. შეხვედრა თამარ მეფესთან, შოთა რუსთაველთან, ილია ჭავჭავაძესთან, სტალინთან და ჰიტლერთან. ფილმში საქართველოს ისტორიის რამდენი ეპოქაა გაერთიანებული. “დავიწყებულ მეფე”-ში მონაწილეობას იღებენ ისეთი მსახიობები, როგორებიცაა: დავით ქაცარავა, სალომე ფაღავა, ელგუჯა ბურდული, ლევან ჯიბღაშვილი, სალომე გასვიანი, ანნი იმნაძე და სხვა. ფილმის გადაღება კინოსტუდია “ქართული ფილმი”-ს ერთ-ერთ პავილიონში მიმდინარეობდა, ხოლო მისი რეკორდი იმაში გამოიხატება რომ, ესაა 105 წუთიანი ფილმი ერთ დუბლად გადაღებული, რაც აქამდე მსოფლიო კინემატოგრაფიაში არ დაფიქსირებული. მისი წინამორბედი ფილმი, ამავე რეკორდის პრინციპით იყო “რუსული თაღი”-90წუთი ერთ დუბლში. ფილმის პრემიერა მარტის ბოლოსაა დაგეგმილი. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ფილმის დიდ ეკრანებზე გამოჩენას.

წაიკითხეთ მეტი: http://kinoblogi.ge/2011/03/the-forgotten-king/#ixzz1KFgbEWKR