ქართული კინო ნელ-ნელა ცდილობს ჭაობიდან ამოსვლას და ძველი დიდების დაბრუნებას. რამოდენიმე რეჟისორს ეს არაჩვეულებრივად გამოსდის და მათი საქმიანობაც შესაბამისად ფასდება. ერთ-ერთი მათგანია ზაზა ურუშაძე. მისი ფილმი - "მანდარინები" ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინო პრემიის, "ოქროს გლობუსის" ნომინანტად დასახელდა.
"ოქროს გლობუსს" მეორენაირად ოსკარების რეპეტიციასაც უწოდებენ.
"მანდარინები" წლის 5 საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის უკვე დასახელდა.
საკონკურსო სექციაში ის ესტონეთის სახელითაა წარდგენილი, რადგან ქართულ-ესტონური პროდუქციაა.
ფილმში მთავარ როლებს მიშა მესხი, გიორგი ნაკაშიძე, ლემბიტ ულფსაკი, ელმო იუგანენი და რავიო ტრასსი ასრულებენ.
ფილმის სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ომის პერიოდში, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი მოხალისე მეომარი და დაქირავებული ჩეჩენი ბოევიკი ერთმანეთს უპირისპირდებიან.
"მანდარინები" ოსკარზეც არის წარდგენილი ამავე ნომინაციაში.
"ოქროს გლობუსის" დასკვნითი შოუ 11 იანვარს გაიმართება.